Sunday, March 1, 2009

იდეალური გეი რომანი

სულ ვფიქრობ, რატომ არ იწერება საქართველოში გეი რომანები... მცირე მოცულობის პროზაში, რა თქმა უნდა, რაღაც მცდელობები იყო, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მე ერთი–ორი ტექსტი შემხვედრია. აქ არ ვგულისხმობ სხვადასხვა ფორუმებზე დაწერილ მხატვრულ და გრძელ პოსტებს, არამედ "ნამდვილ" ლიტერატურას.

ჰოდა, ამ ფიქრში ვიყავი გართული, როცა ერთი ბრწყინვალე აზრი მომივიდა. მოდი, წუწუნს და მოთქმას, რატომ არ იწერება არაფერი, ხომ არ აჯობებს, ავდგე და თვითონ დავწერო? მაგრამ ვინ იქნებდა ამ რომანის პუბლიკა? დაბეჭდვაზე, ალბათ, არც უნდა იოცნებოს ადამიანმა. თუმცა, ვფიქრობ, ინტერნეტით მისი გავრცელება ალბათ მაინც შესაძლებელია. ბლოგი ხომ მისწრებაა ამ საქმისთვის. ჰოდა, ახლა დიდ ავანტიურაში ვებმები. რაღაცას დავწერ და თავებად დავდებ ამ ბლოგზე. იმედია, მკითხველიც გამოჩნდება და კომენტარებს არ დაიშურებს. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, რომ წერა გავაგრძელო და ტექსტი საბოლოოდ სერიოზულ ნაწარმოებად ვაქციო.
ვინ იცის, შეიძლება ამ ინიციატივიდან არც არაფერი გამოვიდეს სახეირო, მაგრამ ცდა მაინც ღირს. ჰა, თქვენ რას იტყვით? აქვს აზრი ამ წამოწყებას? :)
მოკლედ, ვიწყებ და ეგაა. აზრიანობა/უაზრობის ამბავი კი მოგვიანებით გამოჩნდება.

Thursday, February 26, 2009

შუშის სამხეცე

დღევანდელი დღე კარგად დაიწყო. გავიღვიძე სწორედ იმ დროს, რა დროსაც საერთოდ ვიღვიძებ, ანუ დილის 10 საათზე, შხაპში შევვარდი, ცოტა ვისაუზმე და ქუჩაში გასვლამდე დილემის წინაშე აღმოვჩნდი – გუშინ რატომღაც ყველა ჯინსი, რაც კი მაქვს ერთდროულად გავრეცხე და გაშრობა ვერცერთს ვერ მოესწრო. აბა, ეს საქმეა? ნეტავ რას ვფიქრობდი... გადმოვქექე ძველი ტანსაცმელი: არა, ეს არ წავა, ძალიან თხელია, შემცივდება. არა, ეს საშინელებაა, ამის ჩაცმა არ შეიძლება, რაღა დროს ეს ბოიჯორჯის სტილის შარვლებია. მოკლედ, თქვენს მტერს და ავს, მე დღე დამადგა. ბოლოს არჩევანი ერთ შავ შარვალზე შეჩერდა, რომელიც ბაბუაჩემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიყიდე მშობლების დაჟნებული მოთხოვნით და იმის მერე არც მცმია არასოდეს. კი ბატონო, ჩავიცვი. ყვითელ მაისურს ნამდვილად არ მოუხდა. სადმე უნდა დავმალო ეს მყვირალა ყვითელი: ზემოდან ერთი ძველი შავი სვიტერი გადავიცვი და სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავის შემეშინდა. მოძველბიჭო, მოკლედ გაკრეჭილი, შავებში ჩაცმული მონსტრი. იშვიათი სანახავი ვარ დღეს, მოკლედ. ამ წვასა და დაგვაში ვიყავი, როცა მობილური ჩავრთე და შოთიკოს მესიჯი აენთო ეკრანზე: "დილა მშვიდობისა, პატარა და საყვარელო მაიმუნო!"
ეს მესიჯი სხვა შენახულებს მივუმატე. გარდერობში უკეთესის პოვნის იმედი საბოლოოდ გადამეწურა, მოვიცვი ქურთუკი და მხოლოდ ქუჩაში გამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ფესახმელიც შავი მეცვა. ერთი სიტყვით, კიდევ კარგი, ქურთუკი მაინც არ იყო შავი და არც თმა მაქვს შავი, შავი სათვალეებისადმი ჩემს სიძულვილზე რომ არაფერი ვთქვათ. მარშუტკაში დროის გაყვანის ორი იდეალური საშუალებიდან ერთ–ერთს მივმართე: მობილურში შენახული მესიჯების კითხვა დავიწყე. "შოთიკო 1", "შოთიკო 2", "შოთიკო 3" და ა.შ. ვკითხულობ, ვკითხულობ და უცებ ხმამაღლა გამეცინა. ცხოველების მთელი გალერეა შემომეკითხა: "პატარა მაიმუნო", "მჩხავანა კატა", "მიაუ–მიაუ", "ჰამ–ჰამ", "ჩიხუახუას ლეკვო", "პატარა მახრჩობელა გველო", "ფისო", "ძაღლუკა", "თვალებდაჭყეტილო ღამურა", "თაგუნია", "ანაკონდა" (აქ რას გულისხმობდა, ნეტავ.. გავწითლდი, აშკარად გადააჭარბა :) ), "ბოჩოლა". "თუთიყუშო"... ყველას რა ჩამოთვლის. და ეს ყველაფერი მე ვარ, თურმე. არა, დაუჯერებელი ეკლექტიკაა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ადამიანი მწერს ამას აგერ უკვე 2 წელიწადზე მეტია – და მეც გაუთავებლად ვინახავ ამ მესიჯებს. რა ეშმაკად მინდა, კაცმა რომ თქვას? მაგრამ აი, ხომ ხედავთ "გამამადგა" – აბა, მარშუტკაში სხვა რა უნდა აკეთო – კითხულობ და ამ სულელურ შედარებებზე გეცინება. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენმა თანამშრომელმა რომ მოგწეროთ: "პატარა მახრჩობელა გველო!" – როგორ გაგიხარდებათ. ან, მეზობელმა რომ "თუთიყუში" გიწოდოთ – ხომ დატოვებთ ყველა ონკანს მოშვებულს, რომ საგულდაგულოდ გარემონტებული ბინა სიამოვნებით ჩაურეცხოთ მაგ მართლაც "ბოჩოლას". ესე იგი, გააჩნია, ვინ გწერს.
სამსახურში გვიან მოვედი. შემოსასვლელში დიდი სარკეა. ქურთუკი გავიხადე და იქვე დავკიდე. ჩემდაუნებურად სარკეში შევათვალიერე თავი. ამ დროს, თანამშრომელი გოგო გამოდის და აღელვებული ლაპარაკობს ტელეფონზე, სადაცაა იტირებს. ბოლო სიტყვებს მოვკარი ყური: "კარგი, გკოცნი პატარა ფისუნია". მობილური ჯიბეში ჩაიდო, თვალებზე ხელი გადაისვა, გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "ვა, რა ძერსკი სექსუალური ხარ დღეს!"
ამ საღამოს შოთიკოს ვნახავ. გუშინ ვერ მოვახერხე შეხვედრა. ჰოდა, იმედია, კოლექციას კიდევ რაიმე ახალი ცხოველი შეემატება – მაგალითად – შავი პანტერა :)

Tuesday, February 24, 2009

ჩემი პირველი ბლოგ.პოსტი :)

არ ვიცი, ამ ბლოგს რატომ ვხსნი და ვისთვის. ალბათ, თავს თუ არ მოვიტყუებ და ვიტყვი, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ამას, სიმართლე იქნება. თუმცა, იმის იმედიც მაქვს ნაწილობრივ, რომ ვიღაცა დაინტერესდება და ამ ყველაფერს, რის დაწერასაც ბლოგზე ვაპირებ, წაიკითხავს. დიდი გამოცდილება ბლოგებში მაინცდამაინც არა მაქვს, ამიტომ ეფექტურ ვიზუალს ნუ ელოდებით. გეი ბლოგისგან, ალბათ, ცოტა უფრო მეტს ითხოვთ, მაგრამ მე ტექსტების სიღრმე უფრო მაინტერესებს და ვთვლი, რომ მეხერხება კიდეც. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავახურო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე... ვეცდები, არ მოგაწყინოთ.

სიყვარულით,
შენსავით კარგი
(Good As You - GAY არ მახსოვს, რომელმა გონებამახვილმა ინგლისელმა თუ ამერიკელმა გეიმ გაშიფრა ეს ტერმინი ასე, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ განმარტება ძალიან სახალისოა და არასოდეს დამავიწყდება)