Thursday, February 26, 2009

შუშის სამხეცე

დღევანდელი დღე კარგად დაიწყო. გავიღვიძე სწორედ იმ დროს, რა დროსაც საერთოდ ვიღვიძებ, ანუ დილის 10 საათზე, შხაპში შევვარდი, ცოტა ვისაუზმე და ქუჩაში გასვლამდე დილემის წინაშე აღმოვჩნდი – გუშინ რატომღაც ყველა ჯინსი, რაც კი მაქვს ერთდროულად გავრეცხე და გაშრობა ვერცერთს ვერ მოესწრო. აბა, ეს საქმეა? ნეტავ რას ვფიქრობდი... გადმოვქექე ძველი ტანსაცმელი: არა, ეს არ წავა, ძალიან თხელია, შემცივდება. არა, ეს საშინელებაა, ამის ჩაცმა არ შეიძლება, რაღა დროს ეს ბოიჯორჯის სტილის შარვლებია. მოკლედ, თქვენს მტერს და ავს, მე დღე დამადგა. ბოლოს არჩევანი ერთ შავ შარვალზე შეჩერდა, რომელიც ბაბუაჩემის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიყიდე მშობლების დაჟნებული მოთხოვნით და იმის მერე არც მცმია არასოდეს. კი ბატონო, ჩავიცვი. ყვითელ მაისურს ნამდვილად არ მოუხდა. სადმე უნდა დავმალო ეს მყვირალა ყვითელი: ზემოდან ერთი ძველი შავი სვიტერი გადავიცვი და სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი თავის შემეშინდა. მოძველბიჭო, მოკლედ გაკრეჭილი, შავებში ჩაცმული მონსტრი. იშვიათი სანახავი ვარ დღეს, მოკლედ. ამ წვასა და დაგვაში ვიყავი, როცა მობილური ჩავრთე და შოთიკოს მესიჯი აენთო ეკრანზე: "დილა მშვიდობისა, პატარა და საყვარელო მაიმუნო!"
ეს მესიჯი სხვა შენახულებს მივუმატე. გარდერობში უკეთესის პოვნის იმედი საბოლოოდ გადამეწურა, მოვიცვი ქურთუკი და მხოლოდ ქუჩაში გამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ფესახმელიც შავი მეცვა. ერთი სიტყვით, კიდევ კარგი, ქურთუკი მაინც არ იყო შავი და არც თმა მაქვს შავი, შავი სათვალეებისადმი ჩემს სიძულვილზე რომ არაფერი ვთქვათ. მარშუტკაში დროის გაყვანის ორი იდეალური საშუალებიდან ერთ–ერთს მივმართე: მობილურში შენახული მესიჯების კითხვა დავიწყე. "შოთიკო 1", "შოთიკო 2", "შოთიკო 3" და ა.შ. ვკითხულობ, ვკითხულობ და უცებ ხმამაღლა გამეცინა. ცხოველების მთელი გალერეა შემომეკითხა: "პატარა მაიმუნო", "მჩხავანა კატა", "მიაუ–მიაუ", "ჰამ–ჰამ", "ჩიხუახუას ლეკვო", "პატარა მახრჩობელა გველო", "ფისო", "ძაღლუკა", "თვალებდაჭყეტილო ღამურა", "თაგუნია", "ანაკონდა" (აქ რას გულისხმობდა, ნეტავ.. გავწითლდი, აშკარად გადააჭარბა :) ), "ბოჩოლა". "თუთიყუშო"... ყველას რა ჩამოთვლის. და ეს ყველაფერი მე ვარ, თურმე. არა, დაუჯერებელი ეკლექტიკაა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ადამიანი მწერს ამას აგერ უკვე 2 წელიწადზე მეტია – და მეც გაუთავებლად ვინახავ ამ მესიჯებს. რა ეშმაკად მინდა, კაცმა რომ თქვას? მაგრამ აი, ხომ ხედავთ "გამამადგა" – აბა, მარშუტკაში სხვა რა უნდა აკეთო – კითხულობ და ამ სულელურ შედარებებზე გეცინება. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენმა თანამშრომელმა რომ მოგწეროთ: "პატარა მახრჩობელა გველო!" – როგორ გაგიხარდებათ. ან, მეზობელმა რომ "თუთიყუში" გიწოდოთ – ხომ დატოვებთ ყველა ონკანს მოშვებულს, რომ საგულდაგულოდ გარემონტებული ბინა სიამოვნებით ჩაურეცხოთ მაგ მართლაც "ბოჩოლას". ესე იგი, გააჩნია, ვინ გწერს.
სამსახურში გვიან მოვედი. შემოსასვლელში დიდი სარკეა. ქურთუკი გავიხადე და იქვე დავკიდე. ჩემდაუნებურად სარკეში შევათვალიერე თავი. ამ დროს, თანამშრომელი გოგო გამოდის და აღელვებული ლაპარაკობს ტელეფონზე, სადაცაა იტირებს. ბოლო სიტყვებს მოვკარი ყური: "კარგი, გკოცნი პატარა ფისუნია". მობილური ჯიბეში ჩაიდო, თვალებზე ხელი გადაისვა, გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "ვა, რა ძერსკი სექსუალური ხარ დღეს!"
ამ საღამოს შოთიკოს ვნახავ. გუშინ ვერ მოვახერხე შეხვედრა. ჰოდა, იმედია, კოლექციას კიდევ რაიმე ახალი ცხოველი შეემატება – მაგალითად – შავი პანტერა :)

6 comments:

  1. ვაუ, ძალიან საყვარელი პოსტია და ძაან მაგარია დასაწყისისთვის, ბევრი "ტკბილი მოგონება" აღმიძრა და სასიამოვნოდ იკითხება :):):)
    შავ ტანსაცმელს რაც შეეხება, ავთანდილა თუ შავებს აწვება, შენ რისი გეშინია, რა პრობლემაა, მაინც შავ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსაკუთრებული ამით აფარერი მოხდებოდა, თუ შავებს ჩაიცვამ, გარდა რა თქმა უნდა პირადი დისკომფორტისა :)
    კარგია შეყვარებულობის გრძნობა, მომენატრა ძალიან ასეთი რეალური შეგრძნებები, თუმცა ცოტა არ იყოს მაშინებს კიდეც, რაღაც დისტანციას მაკავებინებს ყველაფერ ამისგან არც თუ ისე სასიამოვნო შედეგების გამო, თუმცა ცხოვრება მაინც მშვენიერია და მიხარია, რომ არიან ადამიანები, ვისაც ამისი აღქმის, დანახვის და ამასთან გადმოცემის უნარიც აქვს. ასე გააგრძელე ჩემო კარგო და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შენს პოსტებს ჩემს გარდა ბევრი სხვა გულშემატკივარიც გაუჩნდება. არ დგაიმალავ და რაღაც მსგავსს ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც არაფერი გეწერა, არ ვიცი, ალბათ ინტუიცია :):):)
    ველით გაგრძელებას, ანუ ნებისმიერ თემაზე (ეს იმ პონტში, რომ თუ მთლად დღიურის სახეს მიიღებს, შესაძლოა გარკვეულ მომენტში ინტერესი შესუსტდეს) :):):)
    ხო და კომენტარების დატოვებაზე კონტროლი მოხსენი ოპციებში, მაგრა არ მევასება ასეთი კონტროლი :)

    ReplyDelete
  2. დამავიწყდა მომეწერა, შენი ბლოგის სათაურში "მორიგი ქართული გეი ბლოგი" სიტყვა "მორიგი" მოხსენი, მემგონი უადგილოა :) და კიდევ ახლავე ჩაგამატებ გეი ბლოგერების სიაში და შეგიძლია შენი ლინკი ჩემს ბლოგზეც იხილო :):):)

    ReplyDelete
  3. madloba rchevebistvis, movxseni kontroli.
    rac sheexeba blogs, ara, shevecdebi, ar iyos mxoldo dghiurebi.

    ReplyDelete
  4. ჰაააჰაა
    გენიალურად წერ ჯერ ხომ ბევრი ვიცინე და წერის მანერაც მომწონს :)
    მოკლედ საღოლ
    ეგრე გააგრძელე!!
    მაგარია!!!

    ReplyDelete
  5. შენ წარმოიდგინე ეგრევე მობილური ავიღე და შენახული მესიჯებს გადავხედე. ზოოპარკი მართლაც შესაფერისი სიტყვაა ამისთვის :) ისე საბავშო ბაღსაც დავარქმევდი, მოჩლეფილი ენით აკრეფილი მესიჯების პნტში :)
    Thnx კაი პოსტია

    ReplyDelete
  6. დავით ნეტა ვინ გეჩლიფინებოდა ბავშვურად ძალიან მაინტერესებს :):):):)

    ReplyDelete